ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და USAID საქართველოს მისიის წარმომადგენლები სოფელ ზემო ნიჩბისში დამონტაჟებული მზის პანელების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ
7 ოქტომბერი 2020საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, USAID საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, USAID ენერგეტიკის პროგრამისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სოფელ ზემო ნიჩბისში დამონტაჟებული მზის პანელების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მოისმინეს.
საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების და ქვეყნის ყველა მოქალაქის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით, USAID ენერგეტიკის პროგრამამ საქართველოს მთავრობას ტექნიკური დახმარება გაუწია, რაც ელექტროენერგიის ქსელის გარეშე დარჩენილ რეგიონებში, ელექტროფიკაციისთვის ყველაზე ეფექტიანი ტექნოლოგიის დანერგვას ითვალისწინებს.
პროექტის მდგრადობის, მზის პანელების სწორად მოხმარებისა და სისტემის შეუსაბამო გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, USAID ენერგეტიკის პროგრამის მხარდაჭერით ადგილობრივ მოსახლეობას ტრენინგები ჩაუტარდა.
„ეს დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ მცხოვრებთათვის. ჩვენ დღეს მოვისმინეთ სხვადასხვა თაობის ადამიანების ისტორიები და გვიხარია, რომ მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. USAID-ისთვის ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ სამინისტროსთან, რომელიც ჩვენი პარტნიორია არა მხოლოდ ამ ენერგო-პროექტში არამედ მრავალი სხვა მიმართულებით,“ - აღნიშნა USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.
მზის პანელები დამონტაჟდა საქართველოს შვიდი რეგიონის იმ სოფლებში, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან, კერძოდ: მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, კახეთისა და აჭარის 16 მუნიციპალიტეტის 87 სოფლის 207 ოჯახში.
მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის (სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ჩასართავად.
მუნიციპალიტეტებმა მზის პანელები ოჯახებს უვადო სარგებლობის უფლებით გადასცეს და მათთან გაფორმდა ხელშეკრულებები. ტექნიკური აღჭურვილობის მიწოდება-მონტაჟი და თანმდევი საგარანტიო მომსახურება კომპანია „იუჯითიმ“ განახორციელა. მზის პანელებზე მწარმოებლის გარანტია 25 წლის ვადით განისაზღვრება.
პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოწყვლადობის შემცირებასა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.
„ეს არის არაჩვეულებრივი თანამშრომლობის შედეგი, რომლის ფარგლებშიც პირველ ეტაპზე USAID-მა გააკეთა დასახლებებისა და ოჯახების მონახაზი, შემდეგ სახელმწიფომ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდის მეშვეობით შეიძინა მზის პანელები, ხოლო მუნიციპალიტეტის უშუალო ჩართულობით მოხდა აღჭურვილობის გადაცემა მოსახლეობისათვის, რაც მრავალი წლის განმავლობაში აპარატურის მოვლა-შენახვასაც გულისხმობს,“ - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.